Archive for the ‘რეალობა…’ Category

ვაფასებთ თუ არა იმას რაც გვაქვს?


ჩემთან ღამეა 11:14 წუთი, დღემ ის ჩაიარა განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ჯერ კიდევ 20 დეკემბერია, ვზივარ მარტო, ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმენ, ყავას მივირთმევ და ჩემი მეგობრებისთვის გასაგზავნ საახალწლო მისალოც ბარათებს ვავსებ, მოკლეთ, რომ ვთქვა სრულ კომფორტში ვიმყოფები. ამ ბოლოს რატომღაც დამჩემდა შუაღამით საქმიანობა, რატომღაც გვიან ღამით თავს უფრო ენერგიულად ვგრძნობ და უფრო კრეატიული ვარ, გარდა ამისა ვამჩნევ, რომ უფრო დიდ დროს ვუთმობ საყოველთაო პრობლემებზე ფიქრს, ვიდრე ამას ოდესმე ვაკეთებდი. პოსტი სასიამოვნოდ დავიწყე, მართალია განწობა ძალიან კარგი მქონდა, მაგრამ რატომღაც გამახსენდა მხატვრული ფილმი სახელად “სორაია”, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვნახე და ისევ სევდამ დაისადგურა ჩემში, კინოს მოყოლას არ დავიწყებ დეტალურად, უბრალოდ ვიტყვი, რომ ფილმი გადაღებულია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით და ეხება ახალგაზრდა ირანელ ქალს, რომელიც საკუთარი ქმრის სურვილით და ორგანიზებით უსამართლოდ დაადანაშაულეს ქმრის ღალატში  და აბსოლუტურათ უდანაშაულო 4 შვილის დედა ირანის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში ქვებით ჩაქოლეს. ვისაც ჩემი ძველი პოსტი გაქვთ წაკითხული სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ბარბაროსულ კანონს და პირსისხლიან მთავრობას ვაკრიტკიებ ალბათ იტყვით, რომ ბევრ დროს ვუთმობ ამ საკითხზე ფიქრს, მაგრამ რა ვქნა?! ეს არის თემა, რომელიც ბოლო დროს არ მაძლევს მოსვენებას. კარგად ვიცი, რომ არც ჩემი პოსტით და არც კრიტიკით არაფერი შეიცვლება რეალობაში, მაგრამ უბრალოდ ასეთი გზით მცირე განტვირთვას ვგრძნობ…

პოსტის დასაწყისში ვთქვი, რომ თავს ძალიან კომფორტულად, ვგრძნობ, თუმცა  ჩემი ფიქრებით უნებლიეთ გადავინაცვლე იმ ხალხზე ვინც ირანის ციხეებში ამ წუთებში სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანას ელოდება და თითოეული დღის გათენებას  ენით აუწერელი ტანჯვით და შიშით ელოდება.

დამაინტერესა ბოლო დროინდელმა ახალმა ამბებმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ირანში, ამიტომ რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაციის ვებ-გვერდს მივაშურე, გავხსენი გვერდი, სტატიის სათაური “1979 წლიდან დღემდე, ირანში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო.” სტატიაში ნათქვამია: ოფიციალური ირანი სიამაყით აცხადებს, რომ: ადამიანი რომელიც არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, უნდა დაისაჯოს სიკვდილით და თან წამებით, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, 2005 წელს ირანში ჩამოახრჩვეს არასრულწლოვანი ბავშვი იმ მიზეზით, რომ იგი შემჩნეულ იქნა ჰომოსექსუალურ ქმედებაში არ არის დაკონკრეტებული რა ვითარებაში, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ დავფიქრდი და გამიჩნდა უამრავი მოსაზრება. ირანში იმ ქვეყანაში სადაც ზოგადად თუნდაც ქალის და მამაკაცის ქორწინების გარეშე სექსუალური კავში სიკვდილით ისჯება როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდა თაობა? წარმოიდგინეთ როდესაც გარდატეხის ასაკში ჰორმონების მოჭარბება იწვევს ნერვულ გაღიზიანებას და ამავდროულად იცი ის, რომ თუ ვინმესთან სექსუალურ კავშირს დაამყარებ ამისთვის სიკვდილით დაგსჯიან, რა უნდა ქნა? გამოსავალი პრაქტიკულად არ რჩება, მოზარდმა ან სიცოცხლის ფასად უნდა გარისკოს იმ რამდენიმე წამით სიამოვნებისთვის რომელსაც ორგაზმი ჰქვია, თუ არადა უმძაფრესი სექსუალური სურვილის ჩახშობის გზით საკუთარ ფსიქიკას უნდა მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება წარუშლელი კვალი დატოვოს მის სრულფასოვან აზროვნებაზე. ფაქტი კი ფაქტად რჩება და ირანის პირსისხლიანი ხელისუფლება და უმკაცრესი ისლამური რეჟიმი სავსებით სამართლიანად მიიჩნევს იმ აზრს, რომ უმჯობესია 16 წლის ახალგაზრდა ჩამოახრჩოს ვიდრე ამ ბავშვა თავისი ასაკის და მოჭარბებული ვნებების გამო მაპატიეთ და “გაათაოს”… საინტერესოა, რა ზომებს მიმართავს ისლამური კანონები მასტურბაციის შემთხვევაში? თუმცა ამ თემაზე ჯერ-ჯერობით არსად არაფერი უხსენებიათ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ირანი უკუგანვითარების პრინციპით მიდის, სავარაუდოდ უახლოს მომავალში ალბათ მასტურბაციისთვის, როგორც მინიმუმ სამუდამო პატიმრობას დააწესებენ… ზემოთ ხსენებულ სტატიაში ნაქვამია ისეთი რამ რამაც კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია ჩემში ანუ, თუ არასრულწლოვანი პიროვნება შემჩნეული იქნება ისეთ საქმიანობაში, რომელიც  ირანის კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს მაშინ არასრულწლოვანი უნდა იქნას დაპატიმრებული და სასიკვდილო განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანონ მხოლოდ მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდება, ამაზე მეტი ცინიზმი და ადამიანის სიცოცხლით თმაში რაღა უნდა იყოს? წარმოიდგინეთ იმ ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ციხეში შესაძლოა რამდენიმე წელი იჯდეს მანამდე, სანამ სიკვდილით დასჯიან და რისი გულისთვის? იმისათვის,რომ მან დაიკმაყოფილა არც მეტი არც ნაკლები ბუნებრივი მოთხოვნილება…ერთი სტატია, რომ დავამთავრე, მეორეზე გადავედი, ერთ-ერთი ირანული გაზეთი უწყება, რომ თეირანთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში 18 წლის გოგო ქვებით ჩაქოლეს იმის გამო, რომ იგი საკუთარი ძმისგან დაორსულდა. არ იფიქროთ, რომ მე ინცესტის მომხრე ვარ, პირიქით, არანაირად არ ვამართლებ მათ საქციელს, მაგრამ სასიკვდილოთ არავინ მემეტება, მითუმეტეს ისეთი მიზეზის გამო, რომელიც თავად სახელმწიფოშო გამეფებული რეჟიმის გამო ხდება. აბა დაფიქრდით თუ მართალი არ ვარ, და-ძმა, რომელიც ირანის განუვითარებელ და ჩამორჩენილ სოფელში იზრდება და ერთმანეთის მეტს ვერავის ხედავს, არანაირი გართობდა და წვეულება, მითუმეტეს არანაირი სექსუალური კავშირი, რას იზამს? რათქმაუნდა დიდი ალბათობა არსებობს, რომ მსგავსი რამ ჩაიდინოს, დარწმუნებული ვარ მათ ამის დამალვა სურდათ, მაგრამ ვინაიდან იმის გამო რომ ირანში პრეზერვატივის საყიდლად რამის პრეზიდენტის ნებართვაა საჭირო გოგო დაორსულდა ამიტომ ამის დამალვა შეუძლებელი გახდა, გამოსავალი კი სოფლის ბარბაროსებმა ჩაქოლვაში ნახეს და არც დააყოვნეს, საინტერესოა, რამდენი ახალგაზრდა ყავთ მოკლული?! რაც  ოფიციალური მონიტორინგის მიღმა დარჩა, ალბათ უამრავი…

სურათზე კარგად ჩანს, თუ 2005 წლის 19 ივლისს როგორ გაუსწორდნენ 17 და 18 წლის ორ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ახალგაზრდას. ირანში ქალაქ  მაშადში. როდესაც ამ კადრს შევხედე გამხასენდა ირანის პრეზიდენტი, რომელმაც სულ ორიოდე თვის წინ აშშ-ში ოფიციალური ვიზისტის დროს კოლუმბიის უნივერსიტეტში სიამაყით განაცხადა, რომ ირანში თურმე ჰომოსექსუალი ახალგაზრდები არ არსებობენ… მე მცირეოდენ შესწორებას გავაკეთებდი მის ნათქვამში : “ირანში ჰომოსექსუალები არსებობენ, მაგრამ ჩვენ მათ ვხოცავთ განურჩევლად მათი ასაკისა და სქესისა.”

სამწუხაროდ უამრავი მსგავსი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ჩემი და არამარტო ჩემი შეხედულებით ირანის საშინელი რეჟიმის გამო იქ მცხოვრები უამრავი ახალგაზრდა განიცდის გონებრივ დეგრადაციას და ხშირად სჩადის ისეთ საქციელს, რის გამოც სიკვდილით უსწორდებიან, ანუ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირანის ხელისუფლებას, შექმნილი აქვს ოფიციალური სასაკლაო და ახალი მსხვერპლის მოლოდინში ინტერესით ატრიელებს კარუსელს. დაახლოებით ისეთ კარუსელს ვატიკანში, ინკვიზიციის დროს, რომ ატრიალებდნენ ცეცხლზე და  ზედ ადამიანი ყავდათ გაკრული, აქვე სურათს ვამაგრებ მეტი თვალსაჩინოებისათვის დიდიხანია ვატიკანმა ბოდიში მოიხადა მსოფლიოს წინაშე ინკვიზიციების გამო. მებადება კითხვა, ნეტავ ოდესმე თუ დადგება დრო, როდესაც ირანი გააცნოებიერებს, რომ თანამედროვე ინკვიზიციით არის დაკავებული და ყოველივე ამას სიამაყით სჩადის ისლამის კალთას ამოფარებული, ისევე როგორც ერთ დროს ვატიკანი კათოლიციზმის სიწმინდეებს ამოფარებული…

ირანის თემა ჩემთვის დაუსრულებელია, ამ საკითხზე სამწუხაროდ უამრავი მასალა მოიპოვება და წერაც გაუთავებლად შეიძლება, თუმცა დასასრულისკენ მივდივარ, ალბათ როდესაც გრძნობები კიდევ გამიმძაფრდება კვლავ დავუბრუნდბი ამ თემას, თუმცა მანამდე კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო, რომელსაც ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა როიტერსი ავრცელებს: 2010 წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას სულ რაღაც 24 საათის წინ  მაშინ როდესაც უმეტესობა ჩვენთაგანს მშვიდად გვეძინა თეირანთან ახლოს 12 ადამიანი ჩამოხრჩვეს, მათგან 11 მამაკაცი და 1 ქალი და სამწუხაროდ რაც დრო გადის ეს სია სულ უფრო იზრდება…

ამ პოსტით კიდევ ერთხელ ვცადე ჩემი და არამარტო ჩემი არამედ მილიონობით ადამიანის აზრის გაზიარება , რომ ეს ბარბაროსობა უნდა დამთავრდეს, არ ვიცი როდის ან რა გზებით, მაგრამ აუცილებლად უნდა დასრდულდეს… მანამდე კი დავფიქრდეთ პოსტის სათაურზე და დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა: “ნამდვილად ვაფასებთ თუ არა ყველაზე დიდ განძს, რასაც თავისუფლება ჰქვია?!”


ვის უწევს მფარველობას საქართველო?


საქართველოს 2 მოქალაქე, დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე 25 ოქტომბრიდან მალაიზიის ციხეში ელიან სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს ან ხვალ უნდა გაიმართოს. მათ ბრალი ედებათ მალაიზიაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეტანა, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით სიკვდილით ისჯება. სასამართლოს გარდა ეს ორი ადამიანი ელის შველას საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ მალაიზიაში გაგზავნილ იქნა კაცი, რომელმაც ჩამოიტანა ამბავი _ ისინი მართლა საქართველოს მოქალაქეები არიანო.
1 კვირის განმავლობაში საქართველო  უყურებს იმ ტრაგიკომიკურ ფართხალს, რომლითაც დაკავებულია ქვეყნის საგარეო უწყება. გრიგოლ ვაშაძის უწყება, რომელიც არ უშვებს მომენტს საკუთარი დიპლომატიური წარმატებების და ძლევამოსილების დასაპიარებლად, ერთი კვირის განმავლობაში ვერ დაკავშირებია მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მიზეზი თურმე ყოფილა სხვაობა დროში, მალაიზია შორსაა და აქ რომ დილაა, იქ უკვე საღამოა, ამ უსერიოზულესი მიზეზის გამო ვერ მომხდარა ვაშაძის დაკავშირება მის მალაიზიელ კოლეგასთან. ქვეყნის პირველი დიპლომატი ძილს ხომ არ დაიფრთხობდა ორიოდე მოქალაქის გამო, ამიტომაც საქმე გადაბარებულ იქნა საქართველოს ელჩზე უკრაინაში გრიგოლ ქათამაძეზე, რომელიც, უნდა დაკავშირებოდა მის კოლეგა მალაიზიელ ელჩს უკრაინაში, რათა იმას გაერკვია რა ხდებოდა. 2 დღე ქათამაძე ელოდა პასუხს კოლეგისგან, რომელსაც ვაშაძის მაგვარად ძილი ერჩივნა შეწუხებას და ბოლოს, მოხდა დიდი დიპლომატიური გარღვევა _ გადაწყდა, რომ ვაშაძე ტელეფონით დაელაპარაკებოდა მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრს. სად უკრაინა და სად მალაიზია? იქნებ ჩვენი ელჩი ჩინეთში მეტს მოახერხებდა? თუ ქათამაძეს უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ვაშაძეს? მაშინ რაში გვჭირდება მინისტრად კაცი, რომელმაც 7 დღეში ვერ მოახერხა მოეძია მისი მალაიზიელი კოლეგის ტელეფონი, ცოტა ხანი მოეთმინა და დაერეკა ვითარების გასარკვევად? სხვათაშორის იგივე ვალდებულება აქვს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომელსაც ხმა არ ამოუღია ამ ამბავზე.
საქართველოს მოქალაქის პასპორტზე წერია „პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო“. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები? აქ არსად არ არის მითითებული, რომ საქართველო მფარველობას არ უწევს ნარკოტიკების გადამტან მოქალაქეებს, არალეგალებს, უმუშევრებს ან პატიმრებს. გამოდის რომ ან ყველას თანაბრად უწევს მფარველობას, ან მფარველობს მხოლოდ ელიტას ანდა პასპორტში უეცრად გაპარულა რაღაც უცნაური ფრაზა. ვერც მოქალაქე ვაშაძე და ვერც მოქალაქე სააკაშვილი ვერ იტყვიან, რომ მოქალაქე კოხტაშვილი და მოქალაქე გორდაძე არ არიან მათ მსგავსად თანაბრები საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის წინაშე, მაშნინ რატომ არ ჩანს რომ პირველი ორი, თანამდებობაზე მყოფი მოქალაქე რეალურად ზრუნავს სიკვდილის პირას მყოფ ორ მოქალაქესა და დანარჩენ უბრალო მოქალაქეებზე? ერთიც და მეორეც იმიტომ ზიან თავის სავარძლებზე, რომ იზრუნინ საქართველოს მოქალაქეებზე.
პირველდ ინტერნეტში ( „თბილისის ფორუმზე“)რომ არ გახმაურებულიყო ეს ამბავი, არც საგარეო უწყება და არც სახელისუფლებო მედია არ ჩქარობდნენ ხმის ამოღებას. თუ არ გავრცელდებოდა, იმ ქალებს სადღაც მალაიზიაში ჩამოახრჩობდნენ და პრობლემაც არ იქნებოდა. მაგრამ რადგან ამბავი გახმაურდა, ქართულმა დიპლომატიამ ფაციფუცი დაიწყო და ერთ კვირაში თურმე საოცრება გააკეთა, დაგეგმა ვაშაძის სატელეფონო საუბარი! თქვენც ხომ არარეალურად გეჩვენებათ? ეს ცის ტოლა ვაშაძე, ოკუპანტ დათვთან მებრძოლი დიპლომატი და მთელი მისი პროფესიონალი უწყება ვერ ახერხებს ტელეფონის პოვნას… რთულია საგარეო საქმეთა მინისტრი იდიოტად ჩათვალო, მაშინ იდიოტი გამოვა მისი დამნიშნავიც და შესაბამისად დამნიშნავის ამომრჩეველიც. მაშინ გამოდის, რომ საგარეო უწყება უბრალოდ ოპერატიული მოქმედების პოზას იჭერს, რათა ბოლოს, როცა პროცესი გაიმართება მხრები აიჩეჩოს და თქვას _ რა ვქნათ, ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად მაგრამ ქვეყნებს შორის დროებში დიდი განსხვავება იყოო. ხელისუფლებას რეალურად არ ედარდება იმ ორი მოქალაქის ბედი, სხვა საქმეები აქვს თავზე საყრელად, რა დროს უბრალო მოქალაქეებია.
საბერძნეთი  ევროპაში ლიდერია ქართველი ემიგრანტებით. ქალაქებიდან კი ათენი ლიდერია არალეგალ ქართველთა რაოდენობით. ათენის ცენტრში არის ერთი კვარტალი, რომელშიც თავს პატარა საქართველოში იგრძნობთ, მაღაზიებზე ქართული წარწერები, ქართული ტურისტული ფირმები „წალკა ტური“, „კახეთი ტური“ „დუშეთი ტური“ და ა.შ. ქართველ ქალთა უმრავლესობა იქ მუშაობს შინამოსამსახურედ, მამაკაცები ხელოსნებად. არიან ქურდებიც. კვარტალი ქართველთა შეკრების ადგილია, იქიდანვე იგზავნება ფული და ნივთები საქართველოში, იქვე მოქმედებს არალეგალური შრომის ბირჟაც. ქართული კვარტალის გვერდით არის რუსული, ინდური და ჩინური კვარტლები. ბერძენ ჟურნალისტებთან საუბრისას ირკვევა  რომ ყოველწლიურად საბერძნეთში 200 ათასამდე არალეგალი შედის, ძირითადად ალბანეთიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან და აფრიკიდან, მათ შორის არიან ქართველებიც, რომლებიც არალეგალობის გამო იძულებულნი არიან იმუშაონ შავ სამუშაოზე და ისიც ნახევარ განაკვეთზე. პოლიციასთან შეხება დაახლოებით 200 ევრო ჯდება, მაგრამ ის პოლიციელები კვლავ ბრუნდებიან მორიგი 200 ევროს მისაღებად, და ერთ მშვენიერ დღესაც, როცა ქართველის ჯიბეში არ უდევს ქრთამი, მას დეპორტაცია გარანტირებული აქვს. ათენი-თბილისის რეისზე დეპორტირებულები მგზავრთა მინიმუმ ნახევარს შეადგენდნენ, ერთ-ერთი მათგანი, 25 წლის გოგონა 2004 წელს წავიდა საბერძნეთში, მოეწყო სამუშაოდ,  გათხოვდა და გააჩინა შვილი, მაგრამ ახლა დაიჭირეს და უკან გამოუშვეს. თუმცა დაჭერასა და თვითმფრინავში ჩასმამდე იყო 10 დღიანი ციხე, რომელიც მას კოშმარად დარჩა. ბერძენი პოლიციელები ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რამდენიმე პატიმარი ქალბატონი კი მზად იყო საკუთარი სხეულით დაემსახურებინა ელემენტარული ჰიგიენური პირობები. ამ ისტორიის მომყოლი გოგონა შეძრული იყო ცალკე ბერძენი სამართალდამცველების და ცალკე ქართველი ქალების ქცევით, მაგრამ მის მონათხრობში ერთხელაც არ იყო ნახსენები საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ჩვენი საგარეო უწყება და მითუმეტეს ის უშინაარსო წარწერა პასპორტზე. უცხოეთში მცოვრები და მომუშავე ქართველები ვერ გრძნობენ, რომ ქართული სახელმწიფო მათ რამეში გამოადგება, ვერ გრძნობენ ქართული საელჩოების არსებობას, ვერ გრძნობენ საქართველოს, როგორც თავის მოქალაქეებზე მზრუნველი სახელმწიფოს არსებობას. მალაიზიაში დაჭერილი ორი ქართველის ისტორია ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იმიტომ, რომ ეს მოხდა ქვეყანაში, სადაც მათ სიკვდილი ელით იმ დანაშაულისთვის, რომელსაც მათ აბრალებენ.  იმ ორი ქალის მსგავსად საქართველოს ათასობით მოქალაქე ზის თურქეთის, საბერძნეთის, ავსტრიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, იტალიის, კვიპროსის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის ციხეებში. რამდენ მათგანზე აქვს ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებას? მაინცდამაინც სიკვდილით დასჯა უნდა ემუქრებოდეს ადამიანს, რომ მისით ვასაძე დაინტერესდეს და ისიც მხოლოდ სამუშაო საათებში? ახლახანს გაამართლეს კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ეგვიპტეში ტრეფიკინგით დაკავებული ეგვიპტელი თავდაცვისას მოკლა. რა გააკეთა საგარეო უწყებამ იმ კაცის დასაცავად? რა გაკეთდა იმ ქართველებისთვის, რომლებიც აიყვანეს სომალიში ან ქართველებისთვის, რომლებიც დააპატიმრეს ფილიპინებში?ასეთი, გახმაურებული და გაუხმაურებელი ფაქტები ასობითაა და ყველგან ერთი და იგივე დასკვნა _ ქართული დიპლომატიისგან ქმოქალაქეთა იგნორირება ან უსუსურობა მოჩვენებით მოქმედებაში.
ვაშაძეც, სააკაშვილიც და დღევანდელი რეჟიმიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს მოქალაქეებზე. მათი პასუხისმგებლობა დაიწო ხელისუფლებაში მოსვლით და გაასმაგდა მას შემდეგ, რაც მათმა მმართველობამ აიძულა ქართველები დატოვონ სამშობლო და თავის გადასარჩენად სხვა ქვეყნებში მონებად წავიდნენ. ვის უხარია ბერძენი მოხუცისთვის უკანალის წმენდა, კვიპროსის პლანტაციებში კაპიკებზე შრომა ან მალაიზიაში ნარკოკურიერობა? საქართველოს მოქალაქეთა 1/3 დღეს იძულებულია იცხოვროს სამშობლოსგან შორს, რათა გადარჩეს, დარჩენილი 2/3-ის ნახევარი კი ოცნებობს ქვეყნის დატოვებას. ვისი ბრალია ეს? ვინ აიძულებს მათ წავიდნენ საბერძნეთში, უკრაინაში, ისრაელში, რუსეთშა და სხვა ქვეყნებში? სულ ერთი თვის წინ ხელისუფლებამ, რომელსაც ფული შემოაკლდა, დაატერორა წვრილი მოვაჭრეები. ბევრი ციხეში ჩასვა, დანარჩენებს ათასობით ლარი მიატანინა თავისუფლების სანაცვლოდ. რა გასაკვირია, რომ ახლო მომავალში საქართველო კიდევ უფრო დაიცალოს, ულუკმაპუროდ და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს არც ხელისუფლების, არც სამართლის და არც მომავლის იმედი არ აქვთ და ბერძენის უკანალის წმენდა ურჩევნიათ საქართველოს ხელისუფლების უკანალის ამბორს.

რთულია იყო ოპტიმისტი მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების მომავლის მიმართ. ის ქვეყანა არ სცნობს კომპრომისებს, როცა საქმე ნარკოტიკს ეხება, მაგრამ უფრო რთულია გრძნობდე, რომ შენ, როგორც საქართველოს მოქალაქე მალაიზიაშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც ხარ არარაობა. არა იმიტომ, რომ მსოფლიო გვიყურებს ჩვენ, როგორც არარაობა ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისთვის ვართ არარაობა, უბრალო სტატისტიკა, რომელიც საინტერესო ხდება მხოლოდ საარჩევნო ურნასთან, სხვა შემთხვევაში კი 4 მილიონის ბედი ერთი მუჭა მმართველი ბანდისთვის ისეთივე სიცარიელეა, როგორც ქართულ პასპორტზე წაწერილი სიტყვები    „პასპორტის მფლობელს მფარველობას უწევს საქართველო“